აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

10:55, 18.01.2020

აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება დღეს დილიდან სრულად აღუდგა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საავარიო და ტექნიკური ჯგუფების, რამდენიმედღიანი, 24-საათიანი მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სამუშაოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდა.

„ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება ამ დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა.

მოსახლეობას წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით სმს შეტყობინება წინასწარ დაეგზავნათ“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

მსგავსი