აბას არაღჩი – ჩვენი პირობები დავასახელეთ, ჩვენი გეგმა წარვადგინეთ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გონივრულად იფიქრებს მეორე მხარე, აირჩევს თუ არა სწორ გზას, დიპლომატიისა და მოლაპარაკების გზას
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი მზადაა, აშშ-თან დიპლომატიური გზით შეთანხმებას მიაღწიოს. მისივე თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქვს მეორე მხარეს პოლიტიკური გონიერება.
„ჩვენ ვთქვით, რომ როგორც თავდაცვისთვის ვართ სრულად მზად, ასევე მზად ვართ, დიპლომატიის გზით ვიმოქმედოთ და საკითხი მოლაპარაკებით მოვაგვაროთ. ჩვენი პირობები დავასახელეთ და ჩვენი გეგმა წარვადგინეთ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გონივრულად იფიქრებს მეორე მხარე და აირჩევს თუ არა სწორ გზას, დიპლომატიისა და მოლაპარაკების გზას, თუ ისევ სამხედრო ოპერაციებისკენ გადაიხრება“, — აღნიშნა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანი ორივე სცენარისთვის მზადაა.
არაღჩიმ ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული პირობაც გაიმეორა. მისი თქმით, თუ აშშ ამ პირობებს მიიღებს, სრუტე გაიხსნება და მოლაპარაკებები განახლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა უცვლელი დარჩება.