წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 9 აპრილის მემორიალი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოქალაქეებთან ერთად ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ასევე გაიმართა ლიტერატურული პერფომანსი და მონიტორზე 30 წლის წინ გადაღებული კადრები აჩვენეს.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმერეთის რეგიონის 12-ივე მუნიციპალიტეტში იმართება.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.