7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებული - რობოკოპებმა რკინის ჯოხებით იქამდე გვცემეს, სადამდეც შეეძლოთ, შემდეგ ექიმებმა საავადმყოფოში გადამიყვანეს, ისეთი ვითარება იყო, გამოვიპარე, რამდენიმე კვირა სახლში ვმკურნალობდი, შიშით ექიმთანაც ვერ მივედი
2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული დავით ახრახაძე აცხადებს, რომ ე.წ. რობოკოპები მას ამ დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ დავით ახრახაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ყოველდღე ვიყავი თითქმის აქციაზე. ომის ვეტერანი ვარ და ომის ვეტერანებს ჩვენი გაჭირვება გვქონდა, გაგვაჩნდა უკმაყოფილება, ოღონდ ეს არ გაცდენილა არანაირ კანონის ფარგლებს, ასე ვთქვათ, შუშა არ ჩაგვიმტვრევია. 6 ნოემბერს წავედი სახლში ვეტერანთან, რომელიც იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი, არც ერთი ხელი არ აქვს, ახლახანს გარდაიცვალა – თემურ სახოკია. მასთან წავედი, რომ მოვწესრიგებულიყავი. დილას ტელევიზორში ვუყურებ, რომ დარბევაა, ჩვენი ვეტერანებიც იქ იყვნენ და წავედით მოსკოვის პროსპექტიდან. ავლაბრის ხიდთან სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ჩამოგვსვა. რუსთაველის ზედა მხრიდან ე.წ. რობოკოპები ჩამოდიოდნენ, მერია რომ იყო. თითქმის კონკასთან მივედით, გადავედით გზიდან, რათა გზა დაგვეთმო მათთვის. გამვლელებიც ბევრი იყვნენ. როდესაც დავინახეთ, რომ ცრემლსადენ გაზს ისროდნენ, კიდევ უკან დავიხიეთ. მათ საკმაოდ დიდი ჯგუფი გამოეყო და წამოვიდნენ აქეთ მხარეს. მე ფეხი არ მაქვს, ჩქარა სიარული არ შემიძლია, ვერ გავიქცევი, მეორემ კი, ომში დაკარგა ხელები. ვერსად გავიქეცით, იქ ვიდექით, ნელ-ნელა ვიწეოდით უკან. ვიღაც კაცს გამოეკიდნენ, რომელმაც ჩვენთან ჩამოირბინა, მოსდევდნენ. წინ აღმოვჩნდით. ისინი ნამდვილად ხედავდნენ ჩვენს მდგომარეობას. ქართულად როგორც იციან ხოლმე, ხელები ავუწიეთ, არაფერი გვიქნია, ვის ჰქონდა თავი მოსაკლავი, ორი ინვალიდი ვიდექით და რობოკოპები იყვნენ რკინის ჯოხებით. პირველმა ორმა კაცმა არაფერი არ თქვა. უკვე დანარჩენებიც რომ მოვიდნენ, მეორე რიგიდან თავში წამოვიდა რკინის ჯოხები. ფეხზე ცოტა მყარი მასალის პროთეზი მაქვს და ეგეც დაჩეჩქვილი იყო, რომ ვნახე. შეგვდგნენ ზედ, რამდენიც იყვნენ, ოცზე მეტი რომ იქნებოდნენ, ფაქტია. შეგვდგნენ, გვცემეს, სადამდეც შეეძლოთ. უხელო ბიჭი დამეცა ტანზე, რადგან პირველად მე თავი გამისკდა, მოწყვეტით დავეცი და შემდეგ ეს ბიჭი გადამეფარა… ეს იყო გავეშებული ბრბო. მერე ვიღაც გოგო შემოვარდა და მე და თემურს გადაგვეფარა, ხმას ვეღარ ვიღებდით, ისეთი დალეწილები ვიყავით, მკვდრები ვეგონეთ, თან ეს გოგოც გადაგვეფარა და დაგვანებეს თავი. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ მკვდარი ვიყავი, მანამდე არ გაჩერებულან“, – განაცხადა 7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა.
მისივე განცხადებით, ის სასწრაფო დახმარების ექიმებმა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ჰქონდა გატეხილი თავი, ნეკნები ჩამტვრეული და ტვინის შერყევა.
„სიტუაცია ისეთი იყო, რომ შეიძლება იქაც მოვეკალი და გამოვიპარე საავადმყოფოდან, რამდენიმე კვირა ჩუმად ვმკურნალობდი სახლში. ეს მაკავშირებს 7 ნოემბერთან მხოლოდ. იმის მერე, სამი კვირა სავარძლიდან ვერ ვდგებოდი, შიშით ექიმთანაც ვერ მივედი, არ მინდოდა კიდევ სადმე დავფიქსირებულიყავი, რადგან არ იცოდნენ თბილისში, სად ვცხოვრობდი. ქუთაისში ვმკურნალობდი ჩემთვის. რომ გავიგე, ჩემს ახლობელს ტვინის შერყევა ჰქონდა, რა წამლებიც მას ჰქონდა გამოწერილი, იმას ვსვამდი. მერე დამემართა ნეკნთაშუა ანთება, უყურადღებობის გამო“, – განაცხადა დავით ახრახაძემ.