6G უსადენო ტექნოლოგია 500-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი — #1tvმეცნიერება
ფიჭური ტექნოლოგიის მეხუთე თაობის კავშირი, იგივე 5G ჯერ მხოლოდ დაახლოებით ხუთი წელია, რაც ქსელების სტანდარტად იქცა, მაგრამ ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა 6G და სპეციალისტებიც აქტიურად ეძებენ გზებს, რათა შემდეგი თაობის კავშირის უპირატესობები სრულად გამოვიყენოთ.
იაპონიაში ჩატარებულმა ტექნოლოგიის სადემონსტრაციო ჩვენებაზე, უსადენო პროტოტიპულ მოწყობილობაში მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ 100 Gbps-ს მიაღწია, რაც 5G-ის მაქსიმუმზე 10-ჯერ სწრაფია და 500-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე საშუალო 5G სმარტფონი.
საშუალო ხარისხის ორსაათიანი Netflix-ის ფილმის ზომა დაახლოებით 1.5 GB-ია; პრაქტიკული თვალსაზრისით, საუბარია იმაზე, რომ წამში ჩამოტვირთავთ 8-9 ასეთ ფილმს.
იაპონიის სატელეკომუნიკაციო კომპანია NTT-ის, იაპონური მობილური ოპერატორის, DOCOMO-სა და ელექტრონიკის კორპორაციების — NEC-ისა და Fujitsu-ს მიერ ჩატარებული ფართო კვლევებისა და განვითარების შედეგად, მოწყობილობა იყენებს მაღალი სიხშირის ზოლებს 100 GHz და 300 GHz დიაპაზონში, რაც მას გაცილებით მეტი მონაცემის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე წინა თაობის სტანდარტები.
დიაპაზონის კუთხით სამუშაოები ჯერ ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა სტაბილური კავშირი 100 მეტრის მანძილზე. საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წინსვლას სინამდვილეში სხვადასხვა ფორმის გადამცემები და მიმღებები სჭირდება და თანდათანობით, 6G ქსელის მშენებლობა სწორედ ასეთ ინოვაციებს ეყრდნობა.
რაც შეეხება აპარატურულ უზრუნველყოფას, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დემოსთვის საჭირო გახდა ბევრი უახლესი აღჭურვილობა. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ამ აღჭურვილობის ზომა და ფასი თანდათან დაბლა ჩამოდის.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 5G-ის 10 Gbps ტოპ-სიჩქარე ტექნიკური ზღვარია, სრულყოფილ გარემო პირობებში, ყველაზე მძლავრი და კარგად ოპტიმიზებული აპარატურის გამოყენებით. Opensignal-ის მონაცემებით, აშშ-ში, T-Mobile-ის ქსელში ჩართული სმარტფონების 5G-ის საშუალო სიჩქარე 186.3 Mbps-ია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 6G მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სიჩქარეს გვპირდება, რაც ფრიად გამოსადეგი იქნება ძალიან ბევრ სფეროში.
როგორც 5G-ის შემთხვევაში იყო, ასევე იქნება წინსვლა გამტარუნარიანობის, ანუ ქსელის ტევადობის თვალსაზრისით: შესაძლებელი იქნება, რომ ერთდროულად მიერთებული იყოს უფრო მეტი მოწყობილობა. შეიძლება ნაცნობი სიტუაციაა, როცა სტადიონზე ან კონცერტზე თქვენი ტელეფონი მიღებას კარგავს. 6G ამ პრობლემას მოაგვარებს.
გარკვეულ სიტუაციებში, შეიძლება ვნახოთ, რომ 6G Wi-Fi-ს სრულიად ზედმეტ ტვირთად გადააქცევს — ტენდენცია, რომელიც 5G-ის დანერგვასთან ერთად დაიწყო. აღარ იქნება საჭირო ფიზიკური კაბელის შეყვანა სახლის ან ოფისის შესასვლელი კარიდან.
საკითხს უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, რომ უფრო მეტი მოწყობილობა იქნება ონლაინ უფრო მეტი სიჩქარით, უფრო მეტი კომპონენტითა და სენსორით აღჭურვილი. Nokia ვარაუდობს, რომ 6G კომერციულად ხელმისაწვდომი იქნება 2030 წელს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.