6G კავშირი შეიძლება სულ მცირე 9000-ჯერ სწრაფი იყოს, ვიდრე 5G — #1tvმეცნიერება
შემდეგი თაობის მობილური სატელეფონო ქსელები ამჟამინდელზე გაცილებით სწრაფი იქნება. ამის მიზეზია სიხშირეთა ფართო დიაპაზონში მონაცემთა მრავალი ნაკადის გადაცემის ახალი ტექნოლოგია.
მეცნიერებმა მონაცემები უსადენოდ წამში 938 გიგაბიტის მოცულობით გადასცეს, ანუ ამჟამინდელ 5G კავშირის საშუალო სიჩქარეზე 9000-ჯერ უფრო სწრაფად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 20 საშუალო ხანგრძლივობის ფილმი სულ რაღაც ერთ წამში ჩამოტვირთოთ. ეს სიჩქარე რეკორდია მულტიპლექსური მონაცემებისთვის — რომელშიც ერთმანეთში შერეულია ორი ან მეტი სიგნალი.
ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად კონცერტებზე, სპორტულ ღონისძიებებსა თუ სარკინიგზო სადგურებზე უსადენო სიგნალზე მაღალი მოთხოვნა ხშირად იწვევს მობილური ქსელების გადატვირთვას და პარალიზებას. ამის მიზეზი ძირითადად არის იმ სიხშირული ზოლის შეზღუდულობა, რომელშიც 5G ქსელი მუშაობს. 5G ქსელისთვის მინიჭებული ელექტრომაგნიტური სპექტრის ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, მაგრამ ძირითადად იკავებს შედარებით დაბალ სიხშირეებს, 6 გიგაჰერცს ქვემოთ და თანაც მხოლოდ სიხშირეების ვიწრო ზოლებს.
გადაცემის მაჩვენებლის გასაძლიერებლად, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარმა ჟისინ ლიუმ და მისმა კოლეგებმა იმაზე ფართო დიაპაზონის სიხშირეები გამოიყენეს, ვიდრე სხვა რომელიმე ამ სახის წინა ექსპერიმენტში — 5 გიგაჰერციდან 150 გიგაჰერცამდე, რისთვისაც გამოიყენეს რადიოტალღები და სინათლე.
ლიუს განცხადებით, ნულებისა და ერთიანების ჰაერით გასაგზავნად, რადიოტალღები ამჟამად იყენებს ციფრულიდან ანალოგურში გადამყვანებს, რაც არაეფექტიანია მაღალ სიხშირეებზე. ამიტომ, მისმა ჯგუფმა ეს ტექნოლოგია დიაპაზონის ქვედა ნაწილში გამოიყენა, მაღალ დაბოლოებაში კი სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის ლაზერები; შემდეგი თაობის სმარტფონებში შეიძლება ჩაშენდეს ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც დაიჭერს ამ ორის გაერთიანებით შექმნილ მონაცემთა ფართო ზოლს.
ამ ყველაფერმა ჯგუფს საშუალება მისცა, მონაცემები უსადენოდ გადაეცათ წამში 938 გიგაბიტის სიჩქარით, ანუ დაახლოებით 9000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე 5G-ის საშუალო სიჩქარეა ბრიტანეთში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკორდია მულტიპლექსური მონაცემებისთვის, სხვა ექსპერიმენტებში, ერთეული სიგნალი უფრო სწრაფადაცა არის გადაცემული, წამში 1 ტერაბაიტზე მაღალი სიჩქარით.
ლიუს განცხადებით, სიგნალების დაყოფა სიხშირეთა ფართო დიაპაზონში დაახლოებით იმას ჰგავს, 5G-ის ერთი ვიწრო, გადაჭედილი გზა რომ აიღო და 10-ზოლიან საავტომობილო გზად გადააკეთო.
ლიუ და მისი ჯგუფი მოლაპარაკებებს აწარმოებს სმარტფონების მწარმოებლებთან და ქსელის ოპერატორებთან. იმედი აქვთ, რომ სამომავლო 6G ტექნოლოგია სწორედ მათ კვლევას დაეფუძნება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პოზიციის დამკვიდრებისთვის იბრძვიან ამჟამად მუშაობის პროცესში მყოფი სხვა მიდგომებიც.
კვლევა Journal of Lightwave Technology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.