600-ზე მეტი ამერიკული კომპანია დონალდ ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო დავის დარეგულირებისკენ მოუწოდებს
600-ზე მეტი ამერიკული კომპანია დონალდ ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო დავის დარეგულირებისკენ მოუწოდებს

600-ზე მეტი ამერიკული კომპანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთთან სავაჭრო დავის დარეგულირებისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილში კომპანიის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ დამატებითი ტარიფები ზიანს მოუტანს, როგორც ამერიკულ საწარმოებს, ისე მომხმარებლებს აშშ-ში.

წერილის ხელმომწერთა შორის არიან უმსხვილესი კომპანიები „ვოლმარტი“ და „ტარგეტი“. წერილში აღნიშნულია, რომ თუ სავაჭრო დავა არ დარეგულირდება, ოთხსულიანი ამერიკული ოჯახისთვის ყოველწლიური ხარჯები საშუალოდ ორი ათასი დოლარით გაიზრდება.

ამას გარდა, კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტზე დამატებითი 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება აშშ-ში ორი მილიონი სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს. წერილი ავტორები საკონსალტინგო ფირმის „ტრეიდ პარტნერშიპის“ კვლევას ეყრდნობიან.

„სავაჭრო ომის ესკალაცია ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, ორივე მხარე წაგებული იქნება“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 600-ზე მეტი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი აწერს.