ბენიამინ ნეთანიაჰუ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს აუცილებელია ისეთი მთავრობის ფორმირების თავიდან ასაცილებლად, რომელშიც, მისივე შეფასებით, შევლენ ადამიანები, რომლებსაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურთ.
„ახლა ერთიანობის დროა. იცით, რომ ამისკენ საარჩევნო კამპანიის დროსაც მოვუწოდებდი საზოგადოებას და იგივე მოწოდება არჩევნების შემდეგაც გავიმეორე. ეს ხალხის ნებაა და ამას დღევანდელი ვითარებაც მოითხოვს. რადგან არიან ისეთები, რომლებიც აპირებენ, უკვე მომდევნო კვირაში ნაჩქარევად ფიცი დაადებინონ მთავრობას, რომელშიც ტერორიზმის მხარდამჭერები იქნებიან. სურთ, ისრაელის სახელმწიფოში ისეთი მთავრობა შექმნან, რომლის წევრებსაც ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
როგორც ნეთანაჰუმ აღნიშნა, ასეთი მთავრობის ფორმირება ირანისგან მომდინარე საფრთხეს ვერ აღმოფხვრის და ვერც ღაზასა და ლიბანში მყოფ ისრაელელ სამხედროებს დაიცავს.
მისივე თქმით, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის მთავარი მიზანი კი ირანის ბირთვული საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრა, ისრაელის ებრაულ სახელმწიფოდ შენარჩუნება და საზოგადოებაში ერთიანობის განმტკიცება უნდა იყოს.
„ყველას მოვუწოდებ ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ, რომელშიც შევლენ ეროვნული ბანაკის ყველა პარტია და ყველა სიონისტური პარტია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის – ებრაელი ხალხის ერთადერთი სახელმწიფოს – შენარჩუნება სურს. ეროვნული ერთიანობის მთავრობა საბოლოოდ აღმოფხვრის ირანის ბირთვულ საფრთხეს, შეინარჩუნებს ისრაელს, როგორც ებრაულ სახელმწიფოს და ჩვენ შორის ერთიანობას დაამყარებს. მოვუწოდებ ყველას, ამ გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ამას დღევანდელი ვითარება მოითხოვს. ამას ჩვენი არსებობაც მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა, შესაძლოა, ისრაელის ქალაქებში მოსალოდნელ მოვლენებთან შედარებით უმნიშვნელო აღმოჩნდეს.
„ცეცხლი და ალი, რომელსაც პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში ვხედავთ, არაფერია იმ ცეცხლსა და ალთან შედარებით, რასაც იერუსალიმის, თელ ავივის, ჰაიფისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებში ვიხილავთ. ეს არც წარმოსახვითი საფრთხეა და არც დაშინების მცდელობა. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული. ასეთი მთავრობის პირობებში ისრაელი უბრალოდ ვერ გადარჩება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ეს განცხადება გააკეთა ერთი დღით ადრე, ვიდრე ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალურად დაასახელებს თავის მიერ შერჩეულ კანდიდატს მთავრობის ფორმირებისთვის.