ისრაელის პრეზიდენტი პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი ეიზენკოტს ისრაელის მომავალი მთავრობის ფორმირებას ხვალ დაავალებს
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი ეიზენკოტს ხვალ, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ისრაელის მომავალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს. ამის შესახებ The Times of Israel-ი პრეზიდენტის რეზიდენციის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, ჰერცოგმა ეიზენკოტს გადაწყვეტილების შესახებ დღეს აცნობა.
ეიზენკოტი მთავრობის ფორმირების მანდატს ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე მიიღებს. ამის შემდეგ მას მთავრობის დასაკომფლექტებლად 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში, ისააკ ჰერცოგს ვადის, მაქსიმუმ, 14 დღით გაგრძელების უფლებაც აქვს.
ისრაელის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კონსულტაციები გამართა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან, მათ შორის გადი ეიზენკოტსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პარტიების დელეგაციებთან გამართული კონსულტაციებისას, ეიზენკოტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას მხარი 67-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ნეთანიაჰუს კი – 46-მა. პარტია „გაერთიანებულმა თორას იუდაიზმმა“ არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.