პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

01:51, 08.11.2026

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩინ კიერვინსკმ განაცხადა, დაღუპულთაგან ოთხის ვინაობა იდენტიფიცირებულია და მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მისივე თქმით, საავადმყოფოში გადაყვანილია 16 დაშავებული, მათ შორის, ორი პოლიციელია, ხუთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ამასთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოთხი ქალისა და ორი მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით იყო გატაცებული.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელზე გავლენა იქონია ულტრამემარჯვენე იდეოლოგიამ. ეს გარემოებაც გამოძიების საგანი გახდება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და შიდა უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები. ისინი მუშაობენ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, ისე აღნიშნული პირის ოჯახის საცხოვრებელ სახლში“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მედიის ცნობით, მამაკაცს, რომელმაც კრაკოვის მთავარ მოედანზე საკუთარი ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა, სამხედრო სტილის ტანსაცმელი ეცვა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა. მის ავტომობილში კი დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

როგორც „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა. ის AR-15-ის ტიპის შაშხანას იყენებდა და ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია ჰქონდა.

მსგავსი