დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ქალაქ კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის, სავარაუდოდ, მისივე ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ქალაქ კრაკოვში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები იპოვეს.
მისივე თქმით, თავდამსხმელის საცხოვრებლის დასათვალიერებლად დრონი გამოიყენეს.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, სახლში შესაძლოა დიდი რაოდენობით იარაღი იყოს.
„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, დამნაშავის საცხოვრებელ სახლში ორი ქალი და ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. არსებობს ძლიერი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი მისი ოჯახის უახლოესი წევრები იყვნენ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც თავდამსხმელი ცხოვრობდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შენობაში კონტრტერორისტული დანაყოფის თანამშრომლები შევიდნენ.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მამაკაცმა ავტომობილიდან გამვლელების მიმართ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 16 ადამიანი. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 24 წლის პოლონეთის მოქალაქეა.