6 მარტს აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, 6 მარტს აღმოსავლეთ ღუტაში ავიაიერიშებს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ოთხი ბავშვია.
სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ გამოჰყავთ თეთრი ჩაფხუტის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის მოხალისეებს ნანგრევებიდან დაჭრილი ადამიანები.
ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ალყაში მოქცეულ ანკლავზე მიტანილ ავიაიერიშებს, რომელიც შვიდწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი ბრძოლის ადგილია.
სირიის ხელისუფლება დამასკოს მახლობლად მდებარე ტერიტორიას უკვე მე-17 დღეა ბომბავს. სირიაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და რუსეთის ინიცირებული ყოველდღიური „ჰუმანიტარული პაუზა“ არ სრულდება.
5 მარტს დაბომბვები მცირე პაუზის შემდეგ განახლდა. სიჩუმის რეჟიმის დროს აღმოსავლეთ ღუტაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების ხელმძღვანელობით 46-მა ავტომობილმა ჰუმანიტარული დახმარება შეიტანა.
ტერიტორია სირიის ხელისუფლებას 2013 წლის შემდეგ ალყაში აქვს მოქცეული და მთავრობის კონტროლირებული პუნქტების გავლა გაეროს შუამავლობით მოხდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტვირთის დიდი ნაწილი სირიის არმიამ ჩამოართვათ.