51-ე სკოლის პედაგოგი - გუშინ ბავშვებს მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ, ზედმეტი არაფერი ყოფილა
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, გუშინ მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის დამრიგებელი აცხადებს, რომ ბავშვებს შორის სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. თინათინ კვიტაიშვილი დღეს ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში იმყობებოდა.
„უბრალოდ გვკითხეს, რა მოხდა. როგორც ვიცი, მეგობრობენ ეს ბავშვები, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, ზედმეტი არაფერი ყოფილა. მე თვითონაც ახლა გავიგე. გუშინ საღამოს შემატყობინა სასწავლო ნაწილმა. მაშინვე ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს დავურეკე და ვკითხე რა ხდებოდა. მიპასუხა – არაფერი მასწავლებელო, უბრალოდ რაღაც სიტყვიერად ვილაპარაკეთ და სულ ეგ იყოო. ორივე ჩვენი სკოლის მოსწავლეა მე-10, მე-11 კლასელები”,-განუცხადა თინათინ კვიტაიშვილმა პირველ არხს.
შეგახსენებთ, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია წუხელ გავრცელდა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში, გვიან ღამით სკოლის მანდატურები გამოკითხეს.
საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად, გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.