51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის 8 ივნისს მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად, გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ, მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.
„მიმდინარე წლის 8 ივნისს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მიწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.
აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ.
მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
51-ე საკარო სკოლის მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია წუხელ გავრცელდა. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში, გვიან ღამით სკოლის მანდატურები გამოკითხეს.