ხუთი ნაკლებად ცნობილი რამ, რაც მეცნიერების თანახმად, ისეთივე სასიკვდილოა, როგორც მოწევა
ხუთი ნაკლებად ცნობილი რამ, რაც მეცნიერების თანახმად, ისეთივე სასიკვდილოა, როგორც მოწევა

სიგარეტის მოწევა — ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი ჩვევა მსოფლიოში, თანდათან მცირდება. მაგრამ სამაგიეროდ, არის სხვა არაერთი რისკ-ფაქტორი, რომელიც თან ახლავს სულ უფრო მზარდ უმოძრაო, იზოლირებულ ცხოვრების წესს.

წარმოგიდგენთ 5 რისკ-ფაქტორს, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, ისეთივე მომაკვდინებელია, როგორც მოწევა.

მარტოობა

მკვლევართა განცხადებით, სოციალური მედიის განვითარებამ და პერსონალური კონტაქტების შემცირებამ მარტოობა გლობალურ ეპიდემიად აქცია. ეს კი შესაძლოა, საბედისწერო იყოს.

აშშ-ის ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯულიან ჰოლტ-ლუნსტადმა თავის კვლევაში დაადგინა, რომ მარტოობა ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას და დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას უდრის.

ჯდომა

როგორც 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, ყოველდღე ჯდომა ზრდის სხვადასხვა სახის კიბოების რისკს.

თავიანთ მეტა-ანალიზში (კვლევის გლობალური სტანდარტი), მკვლევრებმა შეიტანეს ოთხი მილიონი ადამიანის მონაცემი — რამდენად ხშირად ჯდებოდნენ ისინი ტელევიზორის საყურებლად თუ სამუშაოდ და რამდენად გადაადგილდებოდნენ.

ჯდომის დროის ყოველი 2-საათიანი ზრდა აძლიერებს მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს და ფილტვების კიბოს რისკს, მიუხედავად იმისა, ვარჯიშობდნენ თუ არა დღის განმავლობაში ეს ადამიანები.

უძილობა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ძილნაკლულობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას უწოდებს. აშშ-ში 50-70 მილიონ ადამიანს უძილობა სტანჯავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროფესორი ვალერი გაფაროვი 2015 წელს შენიშნავდა, რომ ძილის უკმარისობა ზუსტად იმავე მაჩვენებლით ზრდის ინსულტისა და გულის შეტევების რისკს, როგორც სიგარეტის მოწევა.

„ძილის უკმარისობა ზუსტად ისეთივე რისკ-ფაქტორად უნდა ჩაითვალოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისათვის, როგორც მოწევა, უმოძრაობა და ცუდი კვება“, — აღნიშნავს გაფაროვი.

გარუჯვა

სოლარიუმში გარუჯვა შესაძლოა, ჩვეულებრივი მზის აბაზანების უფრო კონტროლირებად ვერსიად ჩანდეს, მაგრამ ორივე მათგანი პოტენციურად უფრო საშიშია, ვიდრე მოწევა.

2014 წელს, მეცნიერებმა ჟურნალ JAMA-ში გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაადგინეს, რომ სოლარიუმში გარუჯვასთან დაკავშირებულია კანის კიბოს უფრო ხშირი შემთხვევები, ვიდრე მოწევასთან ფილტვის კიბოს შემთხვევები.

ცუდი კვება

არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, ტკბილ და ძლიერ ნაჯერ ცხიმებში მომზადებულ საკვებს შეუძლია ადამიანები ფატალურ დაავადებებამდე მიიყვანოს, შესაძლოა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მოწევამ.

2016 წელს, ცუდი კვებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის კვლევისას, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში, სიკვდილის მაჩვენებელი აჭარბებს ალკოჰოლისას, ნარკოტიკებისას, დაუცველი სექსისა და მოწევისას ერთად აღებულს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.