5 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უზბეკეთის სამთავრობო დელეგაცია – უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უზბეკეთის სრულუფლებიანი ელჩი, უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, უზბეკეთის რესპუბლიკის ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლებს ქართული უმსხვილესი ტურისტული კომპანია „ჩექინ თრეველი“.
„სასტუმრო „ბილტმორში“ ოფიციალურად მოეწერება ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს „ჩექინ თრეველის“ გენერალურ დირექტორს, ია გედავანიშვილსა და უზბეკეთის სრულუფლებიან ელჩს, ბახრომ აშრაფხანოვს შორის. მემორანდუმი გულისხმობს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკებს შორის მჭიდრო ეკონომიკური, ტურისტული და სოციალური ურთიერთობების მხარდაჭერასა და განვითარებას.
ერთობლივი ძალებით საქართველო და უზბეკეთი მთავარ მოთამაშეებად უნდა იქცნენ „აბრეშუმის გზაზე“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ტურისტულ სეზონზე „ჩექინ თრეველმა“ უმასპინძლა 33 პირდაპირ ჩარტერულ რეისს უზბეკეთის რესპუბლიკიდან, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. კომპანია „ჩექინ გრუპი“ ოფიციალურად დასახელდა უზბეკეთის მთავარ მასპინძელ ორგანიზაციად, რომელსაც უდიდესი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.