მიხეილ სარჯველაძე - მთავარი პროკურორის შერჩევისას სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის თავშეკავების გამო, პროცესი არ დაზარალებულა
სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ჩართულობისგან თავის შეკავება მართლაც დასანანია, რადგან შესაძლოა, არჩევანისთვის უფრო ფართო ნიადაგი შექმნილიყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა.
თუმცა, მისი შეფასებით, შერჩევის პროცესი ამით არ დაზარალებულა.
„კანდიდატთა განხილვის პროცესმა საშუალება მომცა დავრწმუნებულიყავი, რომ პროცესი ამით არ დაზარალებულა, რადგან მასში მონაწილეობა ჯამში 100-მდე უმაღლესმა სასწავლებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო. ვფიქრობ, წარდგენილ იქნენ მართლაც ღირსეული კანდიდატები. მინდა თითოეულ მათგანს გულწრფელი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, კანდიდატების შერჩევისას რატომ არ გააკეთა არჩევანი კანდიდატობის მსურველი 18 პირიდან მოქმედ პროკურორებზე.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროკურორთა კორპუსიდან სამი მოქმედი პროკურორი იქნა წარმოდგენილი. ესენი გახლავთ თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე. ჩემი მხრიდან, სამივე კანდიდატმა სათანადო ყურადღება დაიმსახურა და მათ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა ეკუთვნით. თუმცა სხვადასხვა მოსაზრებებიდან და მათ შორის, პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შემიჩერებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
საპროკურორო საბჭოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.
რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგებოდა, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებოდნენ.