დავით მათიკაშვილი - უნდა შევქმნათ ყველანაირი გარემო, რომ საპროკურორო საბჭომ თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება
დავით მათიკაშვილი - უნდა შევქმნათ ყველანაირი გარემო, რომ საპროკურორო საბჭომ თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება

უნდა შევქმნათ გარემო, რომ ახალ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით საპროკურორო საბჭომ გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ შერჩევის პროცესში არის არჩევანის თავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რაც არის მნიშვნელოვანი, აქ არის არჩევანის თავისუფლება და ჩვენ უნდა მივენდოთ იმ სტრუქტურას, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ არჩევანის გაკეთებაზე. უმნიშვნელოვანესია ისიც, თუ რა გზით ხდება კანდიდატურების წარდგენა, როგორი თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესია. მე ნებისმიერი კანდიდატის მიმართ თავს შევიკავებ ყოველგვარი კონკრეტული საუბრისგან. ჩვენ უნდა შევქმნათ ყოველგვარი გარემო, რომ საპროკურორო საბჭომ თავისუფლად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და ღრმად მწამს, რომ ღირსეულ კანდიდატზე იქნება არჩევანი შეჩერებული. საქართველოს პროკურატურას გაუძღვება ღირსეული გენერალური პროკურორი“, – განაცხადა დეპუტატმა.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

დღეისთვის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 15 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.