ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბეირუთს დაშინებით აიძულებენ, მოსკოვთან ბუნებრივი აირის შეთანხმება არ გააფორმოს
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ლიბანის საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს და ოფიციალურ ბეირუთს დაშინებით აიძულებენ, მოსკოვთან ბუნებრივი აირის შეთანხმება არ გააფორმოს. ამის შესახებ ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გებრან ბასილის თქმით, ამჟამად ლიბანი რუსეთთან შელფზე გაზის საბადოს საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით პირველი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს და პროცესში რუსული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
ლიბანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ლიბანისთვის დაბრკოლებების შექმნას ტერორისტული ძალების გამოყენებით ცდილობენ.
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში გავლენას გაზრდის, რათა რეგიონში ძალთა ბალანსი შეიქმნას“ – აღნიშნა ლიბანელმა დიპლომატმა.
თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია, ლიბანის კრიზისი გარე ჩარევების გარეშე მოგვარდეს.