40-ზე მეტი ქვეყანა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ძალისხმევას, რუსეთმა პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის
ევროკავშირი, აშშ და კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას, ქვეყანაში შეჭრისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
განცხადებაში ქვეყნები კიდევ ერთხელ აცხადებენ მათ მხარდაჭერას გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოების პროცესთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, როდესაც უარს ამბობს, შეასრულოს სასამართლოს მარტის დადგენილება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. ვიმეორებთ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევა წარმოადგენს მის საერთაშორისო პასუხისმგებლობას და რომ დანაკარგები და ზიანი, რომელიც უკრაინამ განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის შედეგად, მოითხოვს რუსეთისგან სრულ და სასწრაფო კომპენსაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია, რომ გენოციდის შესახებ კონვენცია, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეწერა ხელი, მოიცავს დაპირებას, შეაჩეროს გენოციდი და დააკისროს პასუხისმგებლობა მის ჩამდენს.