40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი რამდენიმე ქართული არხის გათიშვას არ აპირებს
40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი რამდენიმე ქართული არხის გათიშვას არ აპირებს

​40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქციას მართავს.

მათი მოთხოვნაა, კომისიამ საკუთარი ფუნქციები შეასრულოს და ქართულ არხებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის მიმდინარე დავა დაარეგულიროს, რათა არც ერთი მხარის უფლებები არ დაირღვეს.

„დღეს, როდესაც მათი აზრით უნდა იყოს გათიშული არხები, შემოგვთავაზეს შეხვედრა 12:00 საათზე. ეს მაშინ, როცა იცოდნენ, 11:00-ზე აქციას ვმართავდით. მარეგულირებელი პრაქტიკულად, გასაუქმებელია“, – განაცხადა აქციის მონაწილე შპს „ნიუ კომის“ დირექტორმა ზაზა აგლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, არხების გათიშვას არ აპირებენ და ​ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე განაგრძობენ მათი სიგნალის გავრცელებას.

აქციის მონაწილეებს მარეგულირებელი კომისიიდან სავარაუდოდ, 12:00 საათიან შეხვედრაზე უპასუხებენ.

კომპანია „მედია რაით ჯორჯიამ“ გააფრთხილა კომპანიები, თუ არ გადაიხდიდნენ გარკვეულ საფასურს, მათ შეეზღუდებოდათ 6 ქართული არხის („რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „ჯიდიესი“, „კომედი არხი“ და „მარაო“) ტრანზიტის უფლება. ბოლო თარიღად პირველი დეკემბერი განისაზღვრა.