ილია მეორე - არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ, ყოველ ჩვენგანს უნდა ქონდეს განცდა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური
ილია მეორე - არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ, ყოველ ჩვენგანს უნდა ქონდეს განცდა, რომ მაცხოვრის მსგავსად, თვითონაც იყოს მეფე-მსახური

საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს, უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად,  თვითონაც იყოს მეფე-მსახური – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

„ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, სადაც მხოლოდ ადამიანები კი არ ემსახურებიან ღმერთს, არამედ  თავად ღმერთი გვიჩვენებს კაცთათვის მსახურების,  სიყვარულისა და  თავგანწირვის საოცარ მაგალითს და ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც მეფე-მსახური. (შდრ.: „ძე კაცისაი … მოვიდა … მსახურებად და მიცემად სული თვისი“ მათე 20,20; და ახლად ნათელღებულთა პასუხი:  „მრწამს იგი, – ქრისტე, –  ვითარცა მეუფე და ღმერთი“).

ქრისტე, – მეფე-მსახური უნდა იყოს ნიშან-სვეტი ყოველი ქრისტიანისთვის!

საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობრივად ან ქონებრივად, თუნდაც გავლენით, რას წარმოვადგენთ. ყოველ ჩვენგანს, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონეს,  უნდა ქონდეს განცდა იმისა, რომ მაცხოვრის მსგავსად,  თვითონაც იყოს მეფე-მსახური.

შენ ხარ მეფე იმდენად, რამდენადაც გაქვს უფლება, რომ შენი ცხოვრება თავისუფალი ნებით წარმართო და ღვთისგანვე შენთვის ბოძებული  ყველა სხვა ნიჭი და უნარი ამ არჩევანის მიხედვით გამოიყენო.

ამიტომაც, მეფე შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ მეფე-მსახური, – მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი.

თუ არ ვცხოვრობთ მცნებებით, არა ვართ სათნოებებით  შემოსილნი და სხვისი მსახურება თუ არ არის ჩვენი სურვილი, მეფე-მსახურნი, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანნი, ვერ ვიქნებით, თუნდაც რომ მაღალი სასულიერო წოდება გვქონდეს;

სამწუხაროდ, ადამიანთა დიდი ნაწილი ესწრაფვის, მას მოემსახურონ და მზრუნველობა მასზე გასწიონ, რომ ეგოისტური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. სხვისთვის მსახურება მათთვის  ტვირთია ან ღიმილისმომგვრელი მდგომარეობა და, რადგან თავისი ცხოვრების წესის გამო სულიერი სიხარული არ იციან რა არის, ბედნიერებას მხოლოდ წარმავალ, მიწიერ  კეთილდღეობაში ეძებენ; ამ ძებნაში კი ცოდვებს ცოდვებზე ამატებენ და ბოროტისაგან სულ უფრო დამონებულნი ხდებიან“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.