„32 წუთი“ დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ #1TVSPORT
„32 წუთი“ დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ #1TVSPORT

წყალბურთის კლუბის, „დინამო თბილისის“ (WPC DINAMO TBILISI) შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. ფილმში ასახულია ოდესღაც დაშლილი და საარსებო რესურსის გარეშე დარჩენილი კლუბის ტრიუმფით დაბრუნების ისტორია 2016 წლიდან და მისი მსოფლიო არენაზე ასპარეზობისთვის განვლილი რთული გზა.

ტიტულოვანი კლუბი 1938 წელს დაფუძნდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უსახსრობის გამო შეწყვიტა არსებობა. 2016 წელს კლუბი ახალი დამფუძნებლების – სამი მოქმედი წყალბურთელის ინიციატივით აღორძინდა და უმოკლეს დროში საქართველოს გუნდური სპორტის ყველა სახეობას შორის მოწინავე შედეგს მიაღწია. „დინამო თბილისი“ საქართველოს ექვსგზის ჩემპიონია 2024 წლის მონაცემებით, ქართულ კლუბებს შორის – პირველ, ევროპის მასშტაბით არსებული წყალბურთის კლუბებს შორის კი მე-16 ადგილზეა.

დოკუმენტური ფილმი ასახავს „დინამო თბილისის“ მოთამაშეთა თავდაუზოგავ ბრძოლას, კლუბის მმართველი გუნდის გამოწვევებს და რთულ გზას ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე პოზიციის შესანარჩუნებლად.

ფილმის სახელწოდება წყალბურთის ოთხი რვაწუთიანი პერიოდის ჯამს, 32 წუთს წარმოაჩენს.

მხოლოდ 8 წელიწადში, ჩამოშლილი სპორტული კლუბი არა მხოლოდ აღდგა, არამედ მსოფლიოს საკლუბო ელიტაში კუთვნილი ადგილი მოიპოვა.  ფილმი „32 წუთი“ ქართული სპორტის საამაყო ისტორიას ჰყვება, რომელიც ახალი თაობის წყალბურთელებმა შექმნეს.