გიორგი კვირიკაშვილი - ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად, დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება
მევენახეებმა კახეთში 2013-2017 წლებში ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა კახეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, რთველზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შედეგის მიღება სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით გახდა შესაძლებელი.
„მთლიანად 2013-2017 წლებში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერ ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მიწაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვენახების გაშენება მიმდინარეობს.
„მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. მიწაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი შეფასებით, კახეთის მოსახლეობამ აღნიშნული დარგის განვითარებით დიდი შვება იგრძნო.
გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექსპორტი სტაბილურია.
„ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრების განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და ამ დარგის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე, სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ თანდათანობით გამოვდივართ სუბსიდირებიდან. 2017 წელს პრაქტიკულად ბაზარზე იყო დაფუძნებული მთლიანად შესყიდვის პროცესი და მიუხედავად ამისა, ჩვენ პრაქტიკულად გაუყიდავი ყურძენი არ დაგვრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებით ვითარდება“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში შემოდიან ახალი ინვესტორები და კიდევ არაერთი წარმატებულ პროექტი განხორციელდება.