31 ივლისს, უკონტროლო რაკეტის გარკვეული ნაწილი დედამიწაზე ჩამოვარდება — რა უნდა ვიცოდეთ #1tvმეცნიერება
15:46, 29.07.2022
ამ შაბათ-კვირას, მასიური, უკონტროლო რაკეტის გამაძლიერებელი (ბუსტერი) უკან, დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება; არის იმის მაღალი შანსიც, რომ ზოგიერთი დიდი ნაწილი ატმოსფეროში დაწვას გადაურჩება და პლანეტის ზედაპირს დაეცემა.
ბუსტერის სიგრძე 53,6 მეტრია, დაახლოებით 23 ტონას იწონის და ცოტა ხნის წინ გაშვებულ ჩინურ რაკეტას ეკუთვნის.
კარგი ამბავი ის არის, რომ მცირეა შანსი, მისმა შემოსვლამ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებით არ ვიცით, სად ჩამოვარდება რაკეტის ბუსტერი.
ამის გასარკვევად, მკვლევრები მთელ მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ. თუმცა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ატმოსფეროში მისი შემოსვლა 2022 წლის 31 ივლისს მოხდება და ჩამოვარდება რუკაზე ყვითლად და ლურჯად აღნიშნული ხაზების ქვეშ, ნებისმიერ ადგილას.
„დაშვების უკონტროლო ბუნების გამო, გადარჩენილი ნამსხვრევების დასახლებულ ზონებში ჩამოცვენის ალბათობა ნულოვანი არ არის — მსოფლიო მოსახლეობის 88 პროცენტი ნარჩენების პოტენციური შემოსვლის ადგილის ქვეშ ცხოვრობს“, — აღნიშნავს განცხადებაში კომპანია Aerospace Corporation-ი, რომელიც ბუსტერის შემოსვლას ადევნებს თვალყურს.
„ამ ზომის საგანი ატმოსფეროში შემოსვლისას მთლიანად არ დაიწვება; ზოგადი წესია, რომ ამ ზომის ობიექტის მასის 20-40 პროცენტი ზედაპირზე ჩამოვარდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია ობიექტის დიზაინზე“, — წერს კომპანია.
თუ მოვლენები გეცნოთ, არ ცდებით. ზუსტად ასეთივე რამ შარშანაც მოხდა — როდესაც დაწვას გადარჩენილი რაკეტის ნაწილები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა.
თუმცა, 2020 წელს, ამავე წარმოების რაკეტის ბუსტერის ნარჩენები აფრიკაში, კოდ-დ’ივუარის ერთ-ერთ სოფელში ჩამოცვივდა, მაგრამ რაიმე ზიანი არ მოჰყოლია.
რაკეტის ბუსტერი, რომელიც ამ შაბათ-კვირას შემოვა ატმოსფეროში, რაკეტა Long March 5B-ს ეკუთვნის, რომელიც ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ (CNSA) 2022 წლის 24 ივლისს გაუშვა, საკუთარ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ზე ახალი მოდულის მისამაგრებლად.
Our latest prediction for #CZ5B rocket body reentry is:
🚀31 Jul 2022 00:24 UTC ± 16 hours
Reentry will be along one of the ground tracks shown here. It is still too early to determine a meaningful debris footprint. Follow this page for updates: https://t.co/SxrMtcJnj0pic.twitter.com/CZRQBClOAg
— The Aerospace Corporation (@AerospaceCorp) July 28, 2022
ბუსტერი რაკეტას დედამიწის ატმოსფეროს დატოვებაში ეხმარება. მას შემდეგ, რაც რაკეტა კოსმოსში გავა, ბუსტერი თავისუფალ ვარდნას იწყებს.
კოსმოსში ტვირთის გატანის შემდეგ, მრავალჯერადი მოხმარების რაკეტები, მაგალითად, SpaceX-ის, დედამიწის ზედაპირზე ბრუნდებიან და მზად არიან ხელახალი მისიისთვის.
NASA-ს მიერ გამოყენებული ბუსტერები ატმოსფეროში უკან პარაშუტით შემოდიან და წინასწარ განსაზღვრულ ზონაში ისე ვარდებიან, რომ დედამიწის ორბიტაზეც კი არ გადიან. შემდეგ მათ აგროვებენ და შეკეთებას ახდენენ.
მასალა, რომელიც ორბიტაზე გადის, როგორც ეს კონკრეტული ბუსტერი, უკონტროლო ხდება.
იმის გამო, რომ ჩინეთის Long March 5B ძალიან დიდია, მოსალოდნელია, რომ ატმოსფეროში დაწვას გადაურჩეს მისი მასიდან დაახლოებით 4-9 ტონა.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც მეცნიერებმა შეაფასეს შემდეგ ათწლეულში დედამიწაზე ჩამოცვენილი კოსმოსური ნაგვის მიერ ვინმეს მოკვლის შანსი. აღმოჩნდა, რომ არსებობს ერთი ან მეტი ადამიანის სიკვდილის მხოლოდ 10-პროცენტიანი შანსი.
Aerospace Corporation-ის ანალიტიკოსმა ტედ მელჰოპმა Reuters-ს განუცხადა, რომ ყოველი ინდივიდუალური პირისთვის რისკი წარმოადგენს ექვსს შანსს ათი ტრილიონიდან.
ის ასევე აღნიშნავს, რომ პლანეტის ზედაპირზე რაკეტის ნარჩენების დაცემის პოტენციური ადგილებიდან 75 პროცენტს წარმოადგენს წყალი, უდაბნო ან ჯუნგლები.
ყურადღებით იყავით ამ შაბათ-კვირას, იქნებ გაგიმართლოთ და უსაფრთხო მანძილიდან ატმოსფეროში აკაშკაშებული ეს მოვლენა საკუთარი თვალითაც დაინახოთ.