31 დეკემბერს დაკავებული ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 20 იანვრისთვის გადაიდო
31 დეკემბერს დაკავებული ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 20 იანვრისთვის გადაიდო.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გამოკითხეს მოწმე სამართალდამცველები, მომდევნო სხდომაზე კი, ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, რომელსაც მხარეები წარადგენენ. სხდომა სწორედ ამ წარმოსადგენად და გასაცნობად გადაიდო.
სხდომათა დარბაზი წესრიგის დარღვევის გამო რამდენიმე პირს დაატოვებინეს. სხდომიდან გამოსული მოწმედ დაკითხული პირები, მათ შორის სამართალდამცველები სასამართლოში ბრალდებულთა მხარდასაჭერად შეკრებილებმა ტაშით და შეძახილებით გააცილეს.
31 დეკემბერს დაკავებული პირები და მათი ადვოკატები აბსურდულს უწოდებენ მოწმეების დღევანდელ ჩვენებებს და ასევე იმ მუხლს, რომლის დარღვევის გამოც მოხდა მათი დაკავება. მათი განცხადებით, მოწმეების ნაწილი განსხვავებულ ვერსიას ყვება დაკავების შესახებ და არ არის თანხვედრაში დაკავების ოქმებში მითითებულ ინფორმაციასთან.
ხუთ პირს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ისინი 31 დეკემბერს პარლამენტთან დააკავეს როდესაც პარლამენტის წინ მერიის მიერ კარვების აღებას აპროტესტებდნენ.