300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ
300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებას 21 მაისიდან შეძლებენ

არაფორმალურ სექტორში დასქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ.

აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას.

რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცედურა მარტივი იქნება და დახმარების დანიშვნა დამოკიდებული იქნება ნებისმიერი ტიპის დასაბუთებაზე (მაგალითად, ბანკის ანგარიში ან სხვა იურიდიული დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ პირმა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგა შემოსავალი.

შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი თვითდასაქმებულებს ეხება.

პრემიერის თქმით, თვითდასაქმებული ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

მისი განცხადებით, ბიუჯეტს ეს ნაბიჯი დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაუჯდება.