28 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში საქართველოს 8372 მოქალაქე დაბრუნდა
2020 წლის 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 16 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად დაბრუნდა 8 372 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.
„მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 30 აპრილი – მადრიდი-თბილისი, პირველ მაისი – ვენა-თბილისი, 2 მაისი – პრაღა-თბილისი, 5 მაისი – ათენი-თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი – ბერლინი-თბილისი.