27 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ყველა ფილიალი გაიხსნება, არ გაიხსნება მხოლოდ ის ფილიალები, სადაც სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს: ვაკის მედიათეკა, მე-9 ბიბლიოთეკა (ჭავჭავაძის 24) და ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალი. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ბიბლიოთეკების წევრებს, საშუალება ექნებათ, ჩააბარონ ფილიალების დახურვამდე გატანილი წიგნები და წაიღონ ახალი წიგნები. მომხმარებელი ვალდებულია, წიგნები დააბრუნოს ბიბლიოთეკების სრულად გახსნიდან, არაუგვიანეს, ხუთი სამუშაო დღისა. 27 ნოემბერს ფილიალები იმუშავებს 10:00-დან 18:00 საათამდე.
„ჩვენი გაერთიანების ყველა ფილიალი, ნაძალადევისა და ვარკეთილის მედიათეკების გარდა, პანდემიის პრევენციის მიზნით დახურულია. თუმცა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ რთულ პერიოდში, ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ განტვირთვა და ყურადღების საყვარელს საქმიანობაზე გადატანა. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთი დღით გავხსნათ ბიბლიოთეკები და ჩვენს მომხმარებლებს ახალი წიგნების გატანის საშუალება მივცეთ“, – ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.