27 დეკემბერს ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა შედგება
ნიკოლოზ რაჭველის ახალი კომპოზიციის THE REST IS SILENCE პრემიერა, რომელიც სპეციალურად ანიტა რაჭველიშვილისთვის შეიქმნა, 27 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება. კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ რაჭველი, ანიტა რაჭველიშვილი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი მიიღებენ, ბავშვთა ჰოსპისს, „ციცინათელების ქვეყანას“ მიეძღვნება.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტს კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს. ასევე, პროგრამაშია ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის STABAT MATER, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდის მონაწილეობით.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო გუნდი, ქორმაისტერი – გიორგი მარგველაშვილი.
წარმოდგენა ოპერისა და ბალეტის თეატრში 27 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება.