პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს

სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის 30 იანვარს გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტს პასუხობს.

„იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

30 იანვარს ჰოლივუდის მსახიობმა, ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ ქალი ლიდერების ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტო. ანიტა რაჭველიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზურაბიშვილი „საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს“.

„ჯენიფერ ენისტონს მივწერე, რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე „ქალბატონი“ არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში, ვისზეც ენისტონმა დაპოსტა! ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის, რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში! საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!“,- წერს რაჭველიშვილი.