საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 10:00-დან 19:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც 100 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული.
„სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული დღის თემატიკიდან გამომდინარე – „გააზიარე ცოდნა“, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ იმ სამეწარმეო გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში შეიძინეს და საკუთარ ბიზნესად აქციეს“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.