26 მაისი თავისუფლების მოედანზე [ფოტოამბავი]
26 მაისი თავისუფლების მოედანზე [ფოტოამბავი]

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, 247-მა რეკრურტმა სამხედრო ფიცი დადო. ისინი დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

თბილისის პარალელურად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში – უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.

სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.

თავისუფლების მოედანზე კოლოფებად წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობებისა და სამხედრო სასწავლებლების ქვედანაყოფები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორების კოლოფი.

მოწვეული სტუმრები განსაკუთრებით მიესალმნენ იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ახლახან დაასრულეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში და სამშობლოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, რომელიც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებიმა შემოიტანეს.

ნატო მეტონიძემ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.

წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლად გაწევრიანებული სამხედროები სიახლით ხვდებიან – პირველად ფიცის დადების შემდეგ, მათ ერთხმად წარმოთქვეს ჯარისკაცის მრწამსი. ღონისძიების დასასრულს ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული „სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცეს. „სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს ასევე ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნული დღესასწაული აქაც საქართველოს დროშის – წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცეს.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები – „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“.

თავისუფლების მოედანზე გამოფენილი იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები – „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები – „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.