მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებული ხდება ობიექტზე გამწვანების შესახებ დაფაც განათავსოს
მშენებლობის ნებართვის მფლობელმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლიდან, ობიექტზე საინფორმაციო დაფის გვერდით მეორე დაფაც უნდა განათავსოს, რომელზეც გამწვანების შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 თებერვალს გამოქვეყნდა.
აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში. დადგენილების 40-ე მუხლს, რომელშიც საუბარია მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფაზე, რამდენიმე პუნქტი ემატება, რაც გამწვანებას უკავშირდება.
“ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ნებართვის მფლობელმა დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც უნდა მოიცავდეს სამშენებლო ობიექტზე კ-3 კოეფიციენტის ათვისების გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველ ინფორმაციას, კერძოდ: კ-3 კოეფიციენტის ფართობს; გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას მათ შორის, დახასიათებას − ხნოვანებას, სიმაღლეს; გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც უნდა იყოს ვიზუალურად გამოსახული მაკეტი ან/და ფოტომონტაჟი“, – აღნიშნულია მთავრობის ახალ დადგენილებაში
საინფორმაციო დაფა სამშენებლო სამუშაოების წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იყოს განთავსებული და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მოიხსნას.
ცვლილებების მიხედვით, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით წარდგენილ განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა დაერთოს ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ; ასევე, ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით, მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით.
მთავრობის დადგენილებას, რომელიც 2018 წლის 22 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს, ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.