თემქაზე, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ბრალდების მხარის გარდა, დაკავებულის ადვოკატიც ითხოვდა. შუამდგომლობა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ახსნა.
ადვოკატის განცხადებით, იმის გამო, რომ რეალური დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უმჯობესია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამოყენება.
შეყვარებულის, 21 წლის ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, ის დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ საქმეში ფიგურირებს BMW მარკის ავტომანქანა, რომლის მფლობელთანაც მოკლულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადვოკატის თქმით, ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და მხოლოდ ახალგაზრდა ქალთან პირადი მიმოწერის გამო არის დაკავებული.
საქმის პროკურორის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო დანაშაულის იარაღი დანა დაკავებულის ავტომანქანიდან იქნა ამოღებული. პროკურორის თქმით, მომხდარის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა, ხოლო კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის მეგობრებთან ერთად დაიწყო ახალგაზრდა ქალის ძებნა.
შეგახსენებთ, გუშინ დილით, გამთენიისას თბილისში, თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა გუშინვე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.