21 სექტემბერს ვენერა საღამოს ცაზე გამორჩეულად კაშკაშა გამოჩნდება
21 სექტემბერს ვენერა საღამოს ცაზე გამორჩეულად კაშკაშა გამოჩნდება

მარტიდან მოყოლებული, პლანეტა ვენერა, იგივე „ცისკრის ვარსკვლავი“ საღამოს ცის ყველაზე გამორჩეული ობიექტია. ცაზე ის მზის ჩასვლიდან მალევე ჩნდება და სიკაშკაშის მაქსიმუმს 21 სექტემბერს მიაღწევს, ჰორიზონტის სიახლოვეს.

ეს ზაფხული მართლაც გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ დაისის დადგომისთანავე, საღამოს ცაზე ოთხი პლანეტა ჩნდებოდა — იუპიტერი, სატურნი, მარსი და ვენერა. მათ შორის ყველაზე კაშკაშა — ვენერა, ცას პირველი დაემშვიდობება, ოქტომბრის ბოლოს. შემდეგ კი თანდათან დილის ცას დაუბრუნდება.

ვენერა ჩვენი უახლოესი მეზობელი პლანეტაა და მზის გარშემო ის თითქმის სრულყოფილ წრეზე მოძრაობს. დედამიწის რვა წელიწადში ის ჩვენს ვარსკვლავს 13-ჯერ უვლის გარს. ვენერას ციკლის ყოველ წელს (რაც ცნობილი იყო მაიასა და აცტეკების ცივილიზაციებისთვის) თავის მახასიათებლები აქვს. 2018 წლის ციკლი 2010-ის მსგავსია.

მართალია, 21 სექტემბერს ვენერა სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს, მაგრამ მის ბრწყინვალებას ის ფაქტი დაჩრდილავს, რომ ჩვენი მეზობელი პლანეტა სამხრეთ-დასავლეთის ცაზე უკიდურესად დაბლაა და ყოველდღიურად უფრო დაბლა ჩადის.

ამჟამად, ვენერა ჰორიზონტის მიღმა მზის ჩასვლიდან ერთ საათში უჩინარდება, თვის ბოლოსთვის კი დაისიდან 45 წუთში ჩავა.

21 სექტემბერს, ვენერას სიკაშკაშის მაჩვენებელი, ანუ ვარსკვლავიერი სიდიდე -4,8-ს მიაღწევს და 23-ჯერ უფრო კაშკაშა იქნება, ვიდრე ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი — სირიუსი. გარდა ამისა, ცაზე ის ექვსჯერ უფრო იბრწყინებს, ვიდრე მარსი ბრწყინავდა ივლისში, დედამიწასთან მოახლოების პიკში.

26 ოქტომბრიდან, ვენერა ღამის ცაზე გაუჩინარდება, მაგრამ ნოემბერში, ის ამჯერად დილის ცაზე გამოჩნდება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.