მარსი მოგვიახლოვდა - რამდენიმე დღეში, წითელი პლანეტის სიკაშკაშე მაქსიმუმს მიაღწევს
მარსი მოგვიახლოვდა - რამდენიმე დღეში, წითელი პლანეტის სიკაშკაშე მაქსიმუმს მიაღწევს

დროა, მარსმა ცაში თქვენი ყურადღება მიიპყროს. მომდევნო კვირაში, წითელი პლანეტა დედამიწასთან ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ახლოს მოვა.

სამშაბათს, 31 ივლისს, ორ პლანეტას შორის მანძილი მხოლოდ 57,6 მილიონი კილომეტრი იქნება, ანუ მარსი დედამიწასთან ოპოზიციაში მოექცევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსი და მზე ზუსტად დედამიწის აქეთ-იქით, საპირისპირო მხარეებზე მოექცევიან.

მარსი ცაზე უკვე უჩვეულოდ კაშკაშა ჩანს, მაგრამ პიკს 31 ივლისს მიაღწევს. ასტრონომთა განცხადებით, წითელი პლანეტა სიკაშკაშეს აგვისტოს დასაწყისშიც შეინარჩუნებს.

ამჟამად მარსზე ქვიშის გიგანტური შტორმი მძვინვარებს, რაც საკმაოდ ართულებს ტელესკოპებით მისი ზედაპირის ხილვას. წითელი პლანეტის ატმოსფერო იმდენად გადავსებულია მტვრით, რომ NASA-ს მავალი Opportunity ბატარეების დამუხტვასაც ვეღარ ახერხებს, რადგან მის პანელებზე საკმარისი მზის შუქი ვერ აღწევს. 10 ივნისიდან, NASA-ს მავალი ძილის რეჟიმში ჰყავს გადაყვანილი.

მარსის მტვერი კარგად ირეკლავს მზის სინათლეს და შესაბამისად, წითელი პლანეტა ჩვენგან უფრო კაშკაშა ჩანს.

„საოცარია. მარსი ისეთი კაშკაშა ჩანს, თითქოს თვითმფრინავის დაჯდომის სინათლეს ვხედავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ის არც ისე კაშკაშაა, როგორც ვენერა, მოწითალო ფერის გამო, შეუძლებელია მან ცაში თვალი არ მოგჭრათ“, — ამბობს ვიდენერის უნივერსიტეტის ასტრონომი ჰარი ოგენსენი.

2003 წელს, მარსი და დედამიწა ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მივიდნენ ბოლო 60 000 წლის განმავლობაში. ორ პლანეტას შორის მანძილმა 55,7 მილიონი კილომეტრი შეადგინა. NASA-ს განცხადებით, ასეთი რამ 2287 წლამდე აღარ მოხდება. სააგენტოს ინფორმაციით, წითელი პლანეტა 2020 წელსაც მოგვიახლოვდება, მაგრამ 62 მილიონ კილომეტრ მანძილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ 27 ივლისს მოხდება მთვარის სრული დაბნელებაც. მოვლენა ხილული იქნება ავსტრალიიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და სამხრეთ ამერიკიდან. დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.