21 ნოემბერს ტელევიზიებში დასაქმებული პროფესიონალები ტელევიზიის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. წელს ტელევიზიის მსოფლიო დღე უკვე 23-ედ აღინიშნება და მთავარი თემაა მრავალფეროვნება იმის ხაზგასასმელად, რომ ტელეარხებს საშუალება აქვთ, გაავრცელონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, იმუშაონ განსხვავებული შინაარსის პროდუქტის წარმოებაზე, იქნება ეს საინფორმაციო გადაცემები, დოკუმენტური ფილმები თუ გასართობი შოუები. ასევე, მედიასაშუალებებს აქვთ ძალა, ნებისმიერი საკითხის მიმართ შეცვალონ მაყურებლის დამოკიდებულება.
გარდა ამისა, ტელევიზია წამყვან როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობს ჯანსაღი პოლიტიკური დებატების განვითარებას, ხოლო მრავალფეროვანი სატელევიზიო პროდუქტის არსებობა ეხმარება მოქალაქეებს, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია შემეცნებითი შოუები.
1996 წელს გაერო-მ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ამისთვის შეარჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი.