2026-2030 წლების ზამთრის და 2028-2032 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელს საქართველოს პირველ არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს. პირდაპირი ტრანსლაციების ნახვა, სატელევიზიო ეთერის გარდა, მაუწყებლის ახალ ციფრულ პლატფორმაზე 1tvplay.ge იქნება შესაძლებელი.
პირველი არხი გულშემატკივარს ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს პრიორიტეტულად შესთავაზებს. აუდიტორია ამავე წლების ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებსაც იხილავს.
„როგორც ყოველთვის, საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ექსკლუზიურ ტრანსლაციას უზრუნველყოფს. ჩვენი არხი უმასპინძლებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებსაც, ასევე გვექნება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშები უეფა-ს ერთა ლიგაზე. მომავალი წლების ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის შესყიდვის პარალელურად, დაგეგმილი გვაქვს პარალიმპიადის ლიცენზიის შეძენაც, 2021 წელს, საქართველოში პირველად, სწორედ პირველმა არხმა შესთავაზა მაყურებელს პარალიმპიადა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, პირველად საქართველოში, პარალიმპიადის ტრანსლირება შედგა და მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ქართველი პარალიმპიელებისთვის ედევნებინა თვალი. 2023 წელს საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა.