2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ლივერპული უმასპინძლებს. ამის შესახებ „ბიბისის“ ეთერში ტელეწამყვანმა გრემ ნორტონმა განაცხადა.
წელს ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ღონისძიების გამართვა დიდი ბრიტანეთში გადაწყვიტა.
დასკვნით ეტაპზე კონკურსის მასპინძლობისთვის ორი ქალაქი, ლივერპული და გლაზგო იბრძოდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა მიულოცა ლივერპულს გამარჯვება და პირობა დადო, რომ წელს კონკურსზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინულ კულტურას.
ამასთან, უკრაინის წარმომადგენელი წელს ევროვიზიის ფინალურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება.
ცნობისთვის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით, რუსეთი ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.