2023 წელს ბირთვული იარაღით შეიარაღებულმა ცხრა სახელმწიფომ თავის არსენალზე, ჯამში, 91.4 მილიარდი დოლარი დახარჯა
2023 წელს ბირთვული იარაღით შეიარაღებულმა ცხრა სახელმწიფომ, ჯამში, 91.4 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის არსენალზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაციის, „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” ანგარიშში.
მოხსენების თანახმად, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ბირთვულ იარაღზე გლობალური დანახარჯების 10.7 მილიარდი დოლარით ზრდა იყო, ამ ზრდის 80 პროცენტი კი შეერთებულ შტატებზე მოდის. აშშ-ის წილი მთლიან ხარჯებში (51.5 მილიარდი დოლარი) მეტია, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა ბირთვული ქვეყნის.
„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში აღინიშნა ამ ყველაზე არაჰუმანური და დესტრუქციული იარაღის შემუშავებაზე გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა ორგანიზაციის, „საერთაშორისო კამპანია ბირთვული იარაღის გაუქმების მიზნით” პოლიტიკისა და კვლევის კოორდინატორმა, ალისია სანდერს-ზაკრემ.
ბირთვული არსენალის განახლებაზე გაწეული ხარჯებით მეორე ადგილზეა ჩინეთი, რომელმაც 11.8 მილიარდი დოლარი დახარჯა, მესამეზე კი – რუსეთი, რომლის ხარჯი 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ მონაცემებით, დაახლოებით 2 100 ქობინი ინახებოდა მაღალ ოპერატიულ მზადყოფნაში და თითქმის ყველა ეკუთვნის რუსეთს ან აშშ-ს. რუსეთი და შეერთებული შტატები ერთად ფლობენ ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტს.