2022 წლისთვის საქართველომ შესაძლოა, 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს
2022 წლისთვის საქართველომ შესაძლოა, 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს

2022 წლისთვის საქართველომ შესაძლოა, 7.6 მლნ ტურისტს უმასპინძლოს, რაც საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის სექტორის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც „გალთ & თაგარტმა“ მოამზადა.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

კვლევაში საუბარია ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოს 3.5 მლნ ტურისტი ეწვია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

კვლევა მომავალი წლების პროგნოზებსაც მოიცავს, რომლის თანახმად, წელს საქართველოს შესაძლოა, 4.2 მლნ ტურისტი ეწვიოს.

როგორც „გალტ & თაგარტის” კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ტურისტების დიდი ნაკადის შემოსვლაა მოსალოდნელი.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტურისტების რიცხვი გაორმაგებულია და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც გაორმაგებულია. რაც შეეხება ამის გამომწვევ მიზეზებს, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები, გაფართოვდა აეროპორტების გამტარუნარიანობა, უვიზო მიმოსვლა გვაქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, გაიზარდა ქვეყნის ცნობადობა და ა.შ. ეს არ არის სექტორის პიკი და და კიდევ ველოდებით მძლავრ ტურისტულ ნაკადებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენი გათვლებით, ტურისტების რიცხვი 2022 წლამდე ორჯერ გაიზრდება – 7.6 მლნ ტურისტამდე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება აღნიშნული სექტორის გამოწვევებს, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ არასაკმარისი ტურისტული ინფრასტრუქტურაა, ასევე ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კვალიფიციური პერსონალი.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ კონფერენციაზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2018 ახალი რეკორდების წელი იქნება და პირველად საქართველოს  რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვევა. საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი კი,  3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„ჩვენმა მთვრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შეგვექმნა ყოველწლიურად ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია.  2018 იქნება ახალი რეკორდების წელიწადი. წელს რვა მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური პირველად ეწვევა საქართველოს და იქნება წელიწადი, როდესაც 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან. საქართველოში ტურიზმის სექტორი არის და დარჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“,  – განაცხადა ჩოგოვაძემ.