2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ოთხი მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე კი ორი მილიარდ 121 მილიონი ლარი
2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე ოთხი მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე კი ორი მილიარდ 121 მილიონი ლარი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება  შეადგენს ოთხ მილიარდ 553 მილიონ ლარს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან ორი მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

• 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, პირველი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი;

• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;

მინისტრის თქმით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს:

• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით;

• ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე;

• მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;

ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს;

მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;

საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 260 მილიონი ლარი. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყო 10 მილიონი ლარი;

მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებას, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გამოყოფილია ორი მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც:

• მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით;

• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

o საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;

o საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა;

o სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;

o სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა – 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი;

• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი;

• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს.