2022 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ერთიანი მომსახურების ცენტრის განყოფილების გახსნა იგეგმება გორსა და ბათუმში
2022 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ერთიანი მომსახურების ცენტრის განყოფილების გახსნა იგეგმება შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, გორსა და ბათუმში. საპატრულო პოლიციის რეფორმაზე საუბარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონში, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე სრულდება.
„2022 წელს ახალი ერთიანი მომსახურების ცენტრის განყოფილების გახსნა იგეგმება შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, გორსა და ბათუმში.
განხორციელდა შშმ პირების მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურისა და ერთიანი მომსახურების სერვისების მიწოდებისას ხელმისაწვდომობისა და საჭიროების შეფასება. აგრეთვე, დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან ეტლით მოსარგებლეთათვის განთავსდა ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში დანერგილია ჟესტური ენით მომსახურების სერვისი და, შესაბამისად, ცენტრის სერვისები ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის.
დაინერგა საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი − შეფასების ერთიანი სისტემა (CAF) და ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს შშმ პირებთან კომუნიკაციის, ქცევის პროტოკოლისა და ეთიკის სასწავლო კურსები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.