ირაკლი ღარიბაშვილი - სამუშაო ჯგუფებში ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული, ოპოზიციამ თავიდანვე უარი განაცხადა მონაწილეობაზე და მათი მხრიდან სისტემატური საბოტაჟის ფაქტები დაფიქსირდა
ირაკლი ღარიბაშვილი - სამუშაო ჯგუფებში ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული, ოპოზიციამ თავიდანვე უარი განაცხადა მონაწილეობაზე და მათი მხრიდან სისტემატური საბოტაჟის ფაქტები დაფიქსირდა

რეკომენდაციების შესასრულებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია. სამწუხაროდ, ოპოზიციამ თავიდანვე უარი განაცხადა მონაწილეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან სისტემატური საბოტაჟისა და დესტრუქციის ფაქტები დაფიქსირდა.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები განვახორციელოთ. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე უარი განაცხადა ამ პროცესში მონაწილეობაზე. მეტიც, სამწუხაროდ, მათი მხრიდან დაფიქსირდა სისტემატური საბოტაჟისა და დესტრუქციის ფაქტები, რაც არ იყო კარგი. ვფიქრობ, ეს დამაზიანებელი იყო პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული. შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.