2021 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს, კლიმატისა და სხვა კომპლექსური ფენომენების შესწავლისთვის გადაეცემა — #1tvმეცნიერება
2021 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში სამ მეცნიერს გადაეცემა — იაპონური წარმოშობის ამერიკელ სიუკურო მანაბეს, გერმანელ კლაუს ჰასელმანს და იტალიელ ჯორჯო პარიზის. პრემიას ისინი ისეთი კომპლექსური ფიზიკური სისტემების კვლევებისთვის მიიღებენ, როგორიც არის კლიმატის ცვლილება.
დედამიწის კლიმატის მოდელირებისა და გლობალური დათბობის საიმედო პროგნოზირებისთვის, 10 მილიონი შვედური კრონის (1,15 მილიონი აშშ დოლარი) მოცულობის პრემიის ნახევარი 90 წლის მანაბესა და 89 წლის ჰასელმანს შორის გაიყოფა.
მეორე ნახევარი კი პარიზის გადაეცემა აირებსა და სითხეებში ერთი შეხედვით შემთხვევითი მოძრაობებისა და ბრუნვის უკან არსებული „დამალული კანონების“ აღმოჩენისთვის.
„კომპლექსური სისტემები შემთხვევითობითა და უწესრიგობით ხასიათდება და მათი შესწავლა რთულია. წლევანდელი პრემია გახლავთ მათი აღწერისა და გრძელვადიანი ქცევის პროგნოზირების ახალი მეთოდის აღიარება“, — წერს განცხადებაში შვედეთის მეცნიერებათა აკადემია.
მანაბე ამჟამად აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, ჰასელმანი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, მაქს პლანკის მეტეოროლოგიის ინსტიტუტში, პარიზი კი რომში, საპიენცის უნივერსიტეტში.
ფიზიკა წელს მეორე დარგია, რომელშიც პრემია გაიცა. 4 ოქტომბერს, ტემპერატურისა და შეხების აღმქმელი რეცეპტორების აღმოჩენისთვის, მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცა ამერიკელებს — დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს.
ნობელის პრესტიჟული პრემია გაიცემა მიღწევებისთვის მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის განმტკიცებაში; დააფუძნა დინამიტის გამომგონებელმა, შვედმა ბიზნესმენმა ალფრედ ნობელმა. პრემია 1901 წლიდან გაიცემა. 1969 წელს პირველად გაიცა პრემია ეკონომიკის დარგშიც.
უახლოეს დღეებში გამოვლინდებიან ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში, ლიტერატურაში, მშვიდობის განმტკიცებასა და ეკონომიკაში.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და ხშირად გაიცემა სამყაროს აღქმის შესახებ გაკეთებული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებისთვის.
შარშან, ფიზიკაში ნობელის პრემია შავი ხვრელების შესახებ აღმოჩენებისთვის მიიღეს როჯერ პენროუზმა, რაინჰარდ გენცელმა და ანდრეა გეზმა.