2021 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ღვინის ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტითაა გაზრდილი.
ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე ოთხი პროცენტით მეტია.
„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (5908393), ჩინეთი – 26% (5469450), აშშ – 12% (971714), გერმანია – 13% (751810), ლატვია – 10% (1634827), ლიეტუვა – 44% (960928), იაპონია – 12% (189844) და დიდი ბრიტანეთი – 76% (702640).
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი. ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 91% (317692), შვედეთი – 97% (119494), ჩეხეთი – 259% (141432), საფრანგეთი – 6% (84028), ისრაელი – 62% (422839), ყაზახეთი – 38% (3775978), აზერბაიჯანი – 21% (209987), თურქეთი – 209% (93330), უკრაინა – 11% (11667525), რუსეთი – 6% (55867692), მონღოლეთი – 174% (402810), ბელარუსი – 26% (4454009) და ა.შ.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ კი 17 პროცენტი. ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.