2021-2024 წლებში კრიმინალური პოლიციის რეფორმის გაგრძელება იგეგმება, რომლის ფარგლებში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებები მკაფიოდ გაიმიჯნება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში კრიმინალური პოლიციის რეფორმის გაგრძელება იგეგმება, რომლის ფარგლებში დასრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების მკაფიოდ გამიჯვნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარია სამთავრობო პროგრამაში – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება საუბნო მიმართულების ეტაპობრივი ჩანაცვლება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელით. ამასთან, პროგრამაში ნათქვამია, რომ განვითარდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, რომლის უმთავრესი ამოცანა იქნება დანაშაულის პრევენციაზე მუშაობა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიხვეწება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
„გაგრძელდება საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება და გამოძიების ხარისხის გაზრდა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მომზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რაც საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიოდ გამიჯვნას, გამომძიებლის დამოუკიდებლობისა და მისი პასუხისმგებლობის გაზრდას, საბოლოო ჯამში, კი გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს. ცვლილებების ამოქმედებისთვის სისტემის მზაობის უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს წლებზე გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს ახალი კადრების მოზიდვას, სამსახურში მიღების წესის ცვლილებას, მოქმედი გამომძიებლების სისტემურ გადამზადებასა და ხარისხის ამაღლებისკენ მიმართულ სხვა ღონისძიებებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამთავრობო პროგრამა პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად წარედგინა.
საკანონმდებლო ორგანო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას მომავალ კვირას დაიწყებს.