2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით მთავრობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო გრანტის ოდენობებს დაადგენს
2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით მთავრობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო გრანტის ოდენობებს დაადგენს

მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს დაადგენს. შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას.

„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს, 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინოს ვალდებულება, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში. რაც განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული და სახელმწიფო სასწავლო გრანტმოპოვებული სტუდენტები რიგ შემთხვევაში სრულად და რიგ შემთხვევაში ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ბენეფიციარებისათვის ფინანსურ შეღავათს.

აღნიშნული კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით წლიური სასწავლო გრანტის წლიური სავარაუდო მოცულობა და ოდენობა განისაზღვრება იმავე ოდენობით“, – განმარტავს მთავრობა.