2020 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი კი, შემცირდა
საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 9 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 4 პროცენტს შეადგენს.
ვიზიტორების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მეორე თვეში საქართველოში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ამ შემთხვევაში კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386 859 შეადგინა – წინა წლის იგივე პერიოდზე 0.6-ით ნაკლები.
2020 წლის თებერვლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების ზრდა დაფიქსირდა: ესტონეთი – 161.5 პროცენტით, პოლონეთი – 84.8 პროცენტით, იტალია – 81.2 პროცენტით, საფრანგეთი – 52.4 პროცენტით, გერმანია – 38 პროცენტი და სხვა.
ასევე ზრდა აღინიშნება ქუვეითიდან – 58.5 პროცენტი, ბელარუსი – 52.3 პროცენტი, ისრაელი – 39.5 პროცენტი, აშშ – 29.1 პროცენტი, საუდის არაბეთი – 17.7 პროცენტი და სხვა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტურისტული ვიზიტების ზრდა მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე გატარებულმა ეფექტიანმა მარკეტინგულმა კამპანიამ და სწორმა სტრატეგიამ გამოიწვია.
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1 099 610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 193 მილიონ დოლარს, რაც 29 მილიონით მეტია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.